საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი
ქობულეთის ეროვნული პარკი - მდებარეობს აჭარაში , ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები (ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი) შეიქმნა საერთაშორისო მნიშვნელობის, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი უნიკალური ჭარბტენიანი ეკოსისტემების, როგორც მაღალი ღირებულებების მქონე ბუნებრივი მემკვიდრეობის გადარჩენის მიზნით, რომელთა სტატუსიც აღიარებულია რამსარის კონვენციით. აღნიშნული ტორფნარები მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მოიცავს ქობულეთის ზღვისპირა ვაკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, გამოირჩევა წყლის ფრინველთა და მცენარეების მრავალფეროვნებით. ქობულეთის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის, ბოტანიკოსების დიდ დაინტერესებას იწვევს აქ არსებული ბორეალური სახეობები: სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა. ქობულეთის დაცული ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები და ვიზიტორებს საშუალება აქვთ განახორციელონ საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურები. ვიზიტორთა ცენტრი კომბინირებულია ადმინისტრაციულ შენობასთან. აქვე შესაძლებელია ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.
წყარო: georgiantravelguide.com
ყველა პარკი